არჩევნები
კახა კალაძე ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ზუგდიდის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს პარტიის გეგმები გააცნო და "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, მან შეკრებილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა.

"ძალიან რთული, მძიმე ოთხი წელი გვქონდა, შეგვიძლია, თავაწეული ვიაროთ განხორციელებული პროექტებით, რეფორმებით, თუმცა, თქვენ არ იფიქროთ, რომ თვითკმაყოფილნი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ და განვახორციელეთ. ჩვენ კარგად გვესმის, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონებში, სოფლად, ქალაქებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბრის. კარგად მესმის, რომ წინა ხელისუფლება აჩვევდა ქვეყნის მოსახლეობას ზეწოლით, შიშით, რომ პრობლემებზე არ ესაუბრათ. ჩვენ არ ვაშენებთ ასეთ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი აზრი, თუნდაც განსხვავებული. ",- აღნიშნა კახა კალაძემ.

სოფელ ორსანტიის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის წევრმა- მანანა კობახიძემ.

"სამეგრელო იბრძვის მხოლოდ ჯანსაღი, უკეთესი მომავლისთვის და იცის, რომ ამ მომავლის შენება შეუძლია ყველაზე სტაბილურ ძალას,რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, ორიენტირებულია ადამიანის ღირსების დაცვაზე.  ეს ძალა არის "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელს დავამარცხეთ მძიმე წარსული",- აღნიშნა მან.


Print