რეგიონი
"ენგურჰესზე" ტურისტული სივრცე მოეწყობა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეწვია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტულად მიმზიდველი კულტურული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მინისტრებს ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების - ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

Print