რეგიონი
ჩირიკბა დნესტრისპირეთის მოლდოვურ რესპუბლიკაში გამგზავრებაზე უარის გამო გადადგა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიაჩესლავ ჩირიკბა იმ მიზეზით გადადგა, რომ თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის მოლდოვურ რესპუბლიკაში გამგზავრება და "რესპუბლიკის დღესთან" დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში ჩასვლის შემთხვევაში მოლდოვამ ის, შესაძლოა, შავ სიაში შეიყვანოს, რის გამოც მას ევროპაში ჩასვლა გაუჭირდება. თავად ჩირიკბამ გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ "შექმნილ პირობებში" მუშაობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, "აფხაზეთის საგარეო კურსი არ შეიცვლება".

აღსანიშნავია, რომ ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ხელმძღვანელობდა აფხაზურ დელეგაციას და მას წელიწადში ოთხჯერ უწევდა ჟენევაში მგზავრობა. რაც შეეხება თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის მოლდოვურ რესპუბლიკაში ვიზიტს, იქ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა გაემგზავრა, რომელიც მოლდოვის ხელისუფლებამ კიშინიოვის აეროპორტში დააკავა და ქვეყნიდან მისი დეპორტი განახორციელა.

ვიაჩესლავ ჩირიკბა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყებას 2011 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

Print