რეგიონი
,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლიტიზირებული გახდა (ვიდეო)
ზუგდიდში მე-2 საჯარო სკოლის წინ სატვირთო ავტომობილი, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი შეკრებისთვის სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია მოჰქონდა, პატრულმა 50 ლარით დააჯარიმა. „ენმ"-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანლის ლაშა დამენიას განცხადებით, ქალაქის მერია მათ მიზანმიმართულად უშლის ხელს პარტიული შეკრების ჩატარებაში.

„აკრძალულიაო ამ ტერიტორიაზე მანქანის შემოყვანა, მაშინ მაჩვენონ ზუგდიდობის დღესასწაულზე რის საფუძველზე დართეს თავად ნება აქ მანქანების გადაადგილებას. ზუგდიდობის დღესასწაულზეც იყო აქ სცენა მოწყობილი“, - განაცხადა დამენიამ. 

მისი თქმით, მერიამ მათ რეკომენდაციის წერილი გამოუგზავნა, რის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით მათ ალტერნატიულ ფართს სკეიტ-პარკში სთავაზობენ, თუმცა, დამენის თქმით, პარტია ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

თავის მხრივ, ვიცე-მერი გია გულორდავა პარტიისთვის ხელის შეშლის ფაქტს უარყოფს და ამბობს , რომ "ენმ"-მ მათ განცხადებით 22 სექტემბერს მიმართა. თავდაპირველად ეს დღე კვირა ეგონათ და დათანხმდნენ მეორე სკოლის წინ შეკრების ჩატარებას, მაგრამ ვინაიდან ორშაბათ დღეს დაემთხვა, გასცეს რეკომენდაცია, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა. რაც შეეხება დაჯარიმებას, ვიცე-მერის განცხადებით, ეს მერიის კომპეტენციაში არ შედის.

Print