რეგიონი
ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს პროექტების პრეზენტაცია განმუხურში (ვიდეო)
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

„ქართუს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში განმუხურის ბოტანიკური ბაღის დაფუძნება უნიკალურია, რადგან ასი წელია, საქართველოში ბოტანიკური ბაღი არ დაარსებულა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ბოტანიკოსები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ბოტანიკური ბაღი 100 ჰა-ზე გაშენდება. აქ მოხდება კოლხური სახეობის მცენარეების კონსერვაცია, ასევე, მოეწყობა ლაბორატორიები, გაშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები, იქნება სხვადასხვა ექსპოზიცია. აქვე დაარსდება სკოლა ახალგაზრდებისთვის. წინასწარი მონაცემებით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ბოტანიკური ბარის ფუნქციონირებისას, დაახლოებით, 200 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. პროექტში ჩართულები არიან ქართველი ბოტანიკოსები და მეცნიერები. მას მხარს უჭერს ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო საბჭო BGGI. პროექტი ფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ის 35 000 კვადრატულ მეტრზე ვითარდება. აქ იფუნქციონირებს 190 მაღალი კლასის ოთახი. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება და დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჯდება. პროექტის ფარგლებში 2000 ადამიანი დასაქმდება.

Print