ახალი კვლევა: დევნილთა 96.2 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს (ვიდეო)
14:16 / 27.09.2016
თემაზე "დევნილთა საჭიროებები სრულფასოვანი განსახლებისთვის" ზუგდიდის
მერიაში ორგანიზაცია "საუნჯემ" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კერძოდ, ანგარიში დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე
ხელმისაწვდომობას შეეხო. დევნილები მუნიციპალიტეტის მასშტაბით
მიმდინარე წლის აგვისტოში კოლექტიურ ცენტრებში და ახლად აშენებულ
კორპუსებში (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული
დევნილები) გამოიკითხნენ. კვლევაში სულ 132 რესპოდენტმა მიიღო
მონაწილეობა.
ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 96%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში
არა აქვს, ხოლო 3.8% იგი საკუთრებაში გააჩნია. კითხვაზე - გაქვთ თუ
არა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებით, რესპოდენტთა 90.2%-მა
უპასუხა, რომ მათ ეს უფლება არ გააჩნიათ, ხოლო დანარჩენი 9.8 %
დადებითად პასუხობს.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, დაამუშავებდით თუ არა მიწის ნაკვეთს,
დევნილების 96.2 % დადებითად პასუხობს. კვლევის ორგანიზატორების
განმარტებით, დანარჩენ 3.8 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს, თუმცა
ამის საშუალებას მათ ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საუნჯე", საქველმოქმედო ჰუმანიტარული
ცენტრი "აფხაზეთი" და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ერთობლივ პროექტს -
"დამოუკიდებლობიდან თვითკმარამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო
წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ევროკავშირის ფინანსური
დახმარებით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები