რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: თბილისისთვის გეოპოლიტიკა საღ აზრზე უფრო მაღლა დგას
რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრემიერ - მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გააკეთა.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი რუსეთის ჟურნალისტების XX ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"მსგავსი გამონათქვამები ადასტურებენ იმას, რომ თბილისისა და მისი მოკავშირეების გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის ლოგიკა საღ აზრზე უფრო
მაღლა დგას"- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ნატოს ვარშავის სამიტზე შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაძლიერება გადაწყდა, რაც, პირველ რიგში, ამიერკავკასიას გულისხმობს.
ამ სიატუციაში აფხაზეთი რუსეთის სამხრეთ საზღვრების გარანტი ხდება. გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბა რუსეთ - თურქეთის ურთიერთობების განვითარების კონტექსტში აფხაზეთის როლსაც შეეხო. 

"დღეს ჩვენი დიასპორა თურქეთში საკმაოდ კონსოლიდირებულია. რუსულ - თურქული ურთიერთობების გამწვავების პიკზეც, აფხაზეთმა რუსეთს უსიტყვოდ დაუჭირა მხარი ", - თქვა ხაჯიმბამ.

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიაზე გამოვიდა სიტყვით. ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას, მან აღნიშნა: "ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას".



Print