რეგიონი
დევნილთა მოძრაობა ჟურნალისტისთვის საქმიანობის შეზღუდვას მოითხოვს (ვიდეო)
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ 26 სექტემბერს „რუსთავი 2"-ის სამეგრელოს კორესპოდენტ ემა გოგოხიასთან მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის თეა ქარდავას თქმით, გოგოხიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მათ შორის ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ „მაპროვოცირებელ“ კითხვას მოჰყვა, - თუ რამდენი გადაუხადა მათ გუბერნატორმა ლევან შონიამ პროტესტის დასაფიქსირებლად.

„იმ მომენტში ემა გოგოხია "ენმ"-ის ერთ-ერთ აქტივისტს წარმოადგენდა, რომელიც აშკარად აფიქსირებდა თავის პოზიციას“, - აღნიშნა ქარდავამ.

საკითხის შესასწავლად "დევნილთა მოძრაობამ" ომბუდსმენის აპარატს მიმართა. ისინი ასევე ჟურნალისტისთვის საქმიანობის შეზღუდვასა და მის მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

თავის მხრივ, ემა გოგოხიამ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა.

26 სექტემბერს ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის წინ გამართული „ენმ“-ის აქცია "დევნილთა მოძრაობამ" გააპროტესტა, რასაც პარტიის მხარდამჭერებთან მცირე ინციდენტი მოჰყვა, ასევე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თეონა ქარდავასა და ემა გოგოხიას შორის.


Print