რეგიონი
"საუნჯე" კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო კანონდარღვევაში ადანაშაულებს (ვიდეო)
ასოციაცია „საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომარე იაგო ფასანძემ,ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინეზა მურღულიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ფასანძის თქმით, კომისიის თავმჯდომარე 2016 წლის 19 და 27 სექტემბერს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობდა. ამ ფაქტს იაგო ფასანძე კანონმდებლობის უხეშ დარღვევად აფასებს და მიიჩნევს, რომ თავმჯდომარეს მოცემულ შემთხვევაში გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური დისციპლინური სახდელის უმკაცრესი ზომა უნდა დაეკისროს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი - ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ“ და „ჰელფინგ ჰენდი“ გმობს ნებისმიერი საარჩევნო მოხელის მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციაში და მოუწოდებს საოლქო საარჩვენო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.

თავის მხრივ, მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ არათუ დაესწრო რომელიმე შეხვედრას, არამედ, კომისიის წევრებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებისგან.რაც შეეხება 19 და 27 სექტემბრის შეხვედრებს, მურღულიას განმარტებით, ის გადაცემა „ეტალონის“ დახურვასთან დაკავშირებით, წამყვან გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა. მეორე შემთხვევაში კი, სოზარ სუბარს წერილი გადასცა, რომელშიც ერთ-ერთი საბავშვო ბაღის, მისი აღსაზრდელებისა და იქ მცხოვრები დევნილების შესახებ წერს.



Print