რეგიონი
ჯიხაშკარის ინციდენტის მონაწილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გიორგი მხეიძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და წინა სასამართლო სხდომის ჩანიშვნის საკითხი განიხილეს. 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

პროკურორებმა აღმკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მოითხოვეს და აღნიშნული მხეიძის მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მოწმეთა მიმართ ზეწოლის საფრთხის არსებობით დაასაბუთეს.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პროკურორების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე გირაოს სახით 10 000 ლარს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

"დაკითხული მოწმეებიდან მხოლოდ ერთი ასახელებს გია მხეიძეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, პირიქით, ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია გაენეიტრალებინა. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ სხვების სახელი და გვარი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, არ ფიგურირებს. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ მხეიძე ამ მასიდან ერთადერთი ცნობილი პირია", - განაცხადა ჯიტა გულუამ.

მომდევნო სხდომა მოსამართლემ 30 ნოემბერს ჩაინიშნა.

მხეიძის წინააღმდეგ საქმე ,,სისხლის სამართლის კოდექსის'' 163-ე მუხლითაა აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლას გულისხმობს.


Print