რეგიონი
ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა (ვიდეო)
ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა და მისი გადახდის ვადად 30 დღე განსაზღვრა. გირაოს გადახდამდე ტიბუა პატიმრობაში რჩება.

მოსამართლე დავით გელაშვილის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაკავებულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ტიბუა თავს უდანაშაულოდ მიიიჩნევს. პროკურატურა ტიბუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი როლანდ შონია არ დაეთანხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. მან შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაუშვებდა სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, პატიმრობის ნაცვლად, ტიბუას დაკისრებოდა გირაოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

"შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ეს იყო უკანონო დაკავება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლებულიყო", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორმა ილია ტორუამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯიხაშკარის ორივე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. ამ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა არჩევნების დღიდან 2 კვირის გამავლობაში დაინიშნება.
Print