რეგიონი
სასამართლომ "ენმ"-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განიხილეს, რომელიც მაია კალანდიასთვის საოლქო საარჩევნო

კომისიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის, შენიშვნის გაბათილებას გულისხმობდა. „ენმ“-ის მიერ წარდგენილი საუბნო კომისიის წევრის, მაია კალანდიას განმარტებით, მას უფლება ჰქონდა, რომ წილისყრაში არ მიეღო მონაწილეობა. თავად კალანდიას თქმით, მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო უშუალოდ უბანზე საარჩევნო პროცესზე დასწრება, რადგან მას ჰქონდა „გონივრული ეჭვი“ კომისიის წევრების პოზიციებთან დაკავშირებით. ამასთან, მისივე თქმით, მას შემდგომ პროცედურებში მონაწილეობის უფლებები შეეზღუდა. ამ პოზიციას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ „საია“- სა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სასამართლომ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა დააკისრა. როგორც "საია"-ს წარმოდგენელმა ჯემალ ჭკადუამ რადიო"ათინათთს"უთხრა, კომისიის წევრს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე, რომელიც დაკისრებული ჰქონდა საარჩევნო კოდექსით.

„ობიექტური მიზეზი, რის გამოც მას შეეძლო, უარი ეთქვა წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე,მას არ დაუსახელებია... ჩვენს მიერ ანალოგიური სახის კიდევ ერთი საჩივარი დაიწერა“, - აღნიშნა ჭკადუამ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად თქვა უარი წილისყრაში მონაწილეობაზე და ფაქტობრივად, მისივე სურვილიდან იყო გამომდინარე, რომ ვერ ღებულობდა შემდგომ წილისყრებშიც მონაწილეობას... არავის არაფერი შეუზღუდავს. მისი უარი იყო წინასწარ მოტივირებული“, - განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.

„ენმ“-ს წევრის, კობა კვარაცხელიას განმარტებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

საქმე ეხება 8 ოქტომბრის არჩევნებზე, 93-ე უბანზე, მაია კალანდიას მიერ გადასატანი ყუთის წამღები პირების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას, რის გამოც „საია“-ს წარმომადგენელმა რამაზ ბიგვავამ საჩივარი დაწერა. აღნიშნული საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და „ენმ“-დან საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.


 

Print