რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის რაიონში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა შეიქმნება
სოხუმში გამართულ პრეს - კონფერენციაზე თემურ ნადარაიამ გალის რაიონის განვითარებისა და ბიუჯეტის შევსების გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, „გალის რაიონის 17 800 მცხოვრებიდან მხოლოდ 340 არის აფხაზეთის მოქალაქე, დანარჩენები - საქართველოს მოქალაქეები არიან".  მან დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას უცხოელი მოქალაქეების სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა. მისი თქმით, „აუცილებელია ბინადრობის უფლება იმ პირებს მიეცეთ, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე 1999 წლის ოქტომბრიდან მუდმივად ცხოვრობენ“.

გარდა ამისა, ნადარაიამ აღნიშნა, რომ უნდა გადაწყდეს გალის რაიონის 40 საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლების ტერიტორიული პრობლემები. „საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლის კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული“. ის თვლის, რომ უნდა დაწესდეს საზღვრები, ხოლო ამ ადამიანებს, კომპენსაციის სახით, მიწის ნაკვეთები აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა გადაეცეთ.

გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თვლის, რომ საგადახადო აღრიცხვაზე უნდა აიყვანონ ენგურჰესის ქართველი თანამშრომლები. "აფხაზეთის ტერიტორიაზე 600 უცხო ქვეყნის სპეციალისტი მუშაობს, რომელიც გადასახადს არ იხდის, ეს თანხა 3 მილიონ რუბლს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივ შეხვედრებზე უკვე 20 წელია ჩვენი სტატუსი ფიქსირდება, ეს არ უნდა ახდენდეს გავლენას საგადასახადო პოლიტიკაზე“, – განაცხადა თემურ ნადარაიამ.

მისი თქმით, 2014 წელს რაიონის საკუთარი ბიუჯეტი ჰქონდა და ის 28 მილიონ რუბლს შეადგენდა, 2015 წელს – 32 მილიონი რუბლი, ხოლო 2016 წელს – 53 მილიონი რუბლი იყო. ნადარაიას განმარტებით, დოტაციების გათვალისწინებით 2015 წელს ბიუჯეტში 129 მილიონი რუბლი, ხოლო 2016 -ში - 134 მილიონი რუბლი შევიდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პრეს-კონფერენციის შემდეგ, თემურ ნადარაიამ რაულ ხაჯიმბას გალის რაიონში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, ამ მიზნით დაბალ ზონაში მოსახლეობისთვის 7 ჰექტარი მიწის გადაცემა იგეგმება. მან აღნიშნა, რომ ჩატარდა თხილის ნათესების ინვენტარიაზაცია, ამ მონაცემების თანახმად, გალის რაიონის 18 სოფელში მათი რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთი გადაწყვეტილების, გალის რაიონის გერბის შექმნის შესახებ გააკეთდა განცხადება. აქვე ცნობილი გახდა, რომ "ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 19 ივლისს ამიერიდან გალის დღე აღინიშნება“.


Print