რეგიონი
„ჩერნომორენერგო“: უახლოეს დროში, ენგურჰესის შეჩერება გახდება საჭირო
დე ფაქტო აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის მწვავე აუცილებლობა დადგა. ამის შესახებ "ჩერნომორენერგოს" მთავარმა ინჟინერმა თემურ კაციამ განაცხადა. 

"ერთი კილოვატ - საათზე ტარიფი მინიმუმ, 1.50 რუბლს უნდა შეადგენდეს. სპეციალისტების შეფასებით თვითღირებულება, 1 ერთი კილოვატ - საათზე 1.50- დან 2 რუბლამდე მერყეობს. ეს მხოლოდ არსებული ენერგეტიკული სისტემის შესანახად არის საკმარისი. თუმცა, რაღაც გლობალური საქმეების გასაკეთებლად, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, დარგი "ფეხზე დადგეს", მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საკმარისი 1.50 რუბლი", — თქვა კაციამ.

მან აღნიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მოხმარებული ელექტროენერგიისთვის კილოვატ - საათში 40 კაპიკს იხდიან. თუმცა, დაბალი ტარიფების გარდა, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ აბონენტების დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. გარდა ამისა, კაციას თქმით, მოძველდა ელექტროქსელების მაგისტრალები, რომლებიც ენგურჰესიდან მთელს აფხაზეთს აწვდიან ელექტროენერეგიას.

მან განმარტა, რომ ამ მიზეზის გამო, შესაძლოა ელექტროქსელებმა ზამთრის პერიოდის დატვირთვას ვერ გაუძლონ, რაც ავარიულ სიტუაციებს შექმნის. "ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ თუ რამდენად ეკონომიურად მოვიხმართ ელექტროენერგიას", - აღნიშნა კაციამ.

"ჩერნომორენერგოს" ინჟინრის თემურ კაციას თქმით ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უფრო მაღალია, თუმცა არსებობს პრობლემა, რომელიც თავად წყალსაცავს აქვს, საიდანაც დიდი რაოდენობის წყლის გაჟონვა ხდება. წყალსაცავში არის ავარიული ადგილები. სავარაუდოდ, უახლოეს დროში, ჰესის შეჩერება გახდება საჭირო",- ამბობს სპეციალისტი.

Print