რეგიონი
ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს
ანაკლიაში, მშენებარე პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დასრულდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიება ე.წ. ლაზიკის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აღნიშნულ ექსპედიციას არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი ძლიერი კულტურული ფენა, რომელიც წმინდა კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს და ძვ. წ.აღ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული.

"დაფიქსირდა ბათქაშებით წარმოდგენილი ძელურ-ბათქაშიანი შენობის ნანგრევები და სხვადასხვა არტეფაქტები, მათ შორის იმპორტული და ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი. მაგალითად, ამფორის პირგვერდი და ძირგვერდი, კოლხური სასმისი, ვაზისებური ჭურჭელი და სხვა", - თქვა ლაშა ჯიქიამ.

ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგების ვარაუდით, პირველ ფენაზე არსებული ნაგებობები, რომლებიც სპეციალურად გაკეთებულ მკვრივ ყვითელ თიხატკეპნილზე მოზვინულ ფენაზე იყვნენ განლაგებული, გაურკვეველი მიზეზების გამო განადგურდა.

"ეს ნაგებობები გაურკვეველი მიზეზების გამო განადგურდა, გადაიწვა და დარჩა ბათქაშების გროვა. მოგვიანებით, მაგრამ არა დიდი ხნის შემდეგ (ამასაც აქ მოპოვებული არტეფაქტები გვაფიქრებინებს) მოსახლეობამ გადაასწორა ეს მცირე ზომის ბორცვები, შეავსო ახალი მონაზვინით და შექმნა დიდი მოედანი, რომელზეც გამართა ახალი ნაგებობა. ასე წარმოიშვა ზედა და ქვედა კულტურული ფენები", - აღნიშნულია არქეოლოგების დასკვნაში.

ექსპედიციის მონაწილეები მიიჩნევევნ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში, გამოკვეთილია "ციტადელით", გარშემო თხრილით და მის მიღმა ვაკეზე გამართული საცხოვრებელი სახლებით.

"წარმოდგენილია 2 500 წლის წინანდელი ერთი კოლხური სოფლის, თუ ქალაქური ტიპის დასახლება, რომელიც ჩანს, რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერძნულ სამყაროსთან", - აცხადებენ ექსპედიციის მონაწილეები.
აღმოჩენილი დასახლების მიმართ არქეოლოგების ინტერესს ის გარემოებაც ზრდის, რომ ის ზღვის სანაპიროდან 1 კმ-თაა დაშორებული, რაც იშვიათობას წარმოადგენს.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ არქეოლოგიური აღმოჩენით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მათივე თქმით, პროექტი უკვე მზადდება და ანაკლიაში გათხრები მომდევნო წლის ზაფხულში განახლდება.

Print