რეგიონი
აფხაზეთში პრემიერ-მინისტრის და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურნენ
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ ბოლო სატელეფონო საუბარს ეხმაურება, რის შესახებაც სპეციალური განცხადება დე ფაქტო უწყების ვებ გვერდზეა განთავსებული.

ამ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დაგმო რუსეთსა და აფხაზეთის რეჟიმს შორის დადებული შეთანხმება ე.წ. ჯარების გაერთიანების შესახებ.

„დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების გაცვეთილი პროპაგანდისტული ფრაზები „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების“ შესახებ ვერ შეცვლის 1993 წლიდან შექმნილ რეალობას, რომელიც გამყარებულია 1999 წლის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტით. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრული შესაბამისობით, აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი. რუსეთისა და აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც შენდება მყარ შეთანხმებათა და სამართლებრივ საფუძველზე, ყველა მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობით, მათ შორის სამხედრო სფეროში. 2015 წლის 21 ნოემბრის შეთანხმება ორი ქვეყნის დაინტერესების შედეგია და სრულად პასუხობს რუსეთისა და აფხაზეთის ინტერესებს“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
Print