რეგიონი
ზუგდიდში ეკო-კამპანია გრძელდება (ვიდეო)
ეკო-აქციაში მონაწილეობის მისაღებად GLC-ის ზუგდიდის განყოფილებისა და "ლაზიკა კაპიტალის" გამოწვევა ტელე-რადიო კომპანია "ოდიშმა" და არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" მიიღეს. მათ ანაკლიის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მათი თქმით, გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მიესალმებიან მსგავსი ტიპის აქტივობებს და აქციაში სხვა კომპანიებს იწვევენ.

"გარემოს აბინძურებენ ადამიანები და ჩვენვე უნდა დავიცვათ ის", - აღნიშნა რადიო "ოდიში +"-ის ახალი ამბების რედაქტორმა თამარ შონიამ.

"ოდიშმა" ეკო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ესტაფეტა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გადასცა.

ჰიპერ-მარკეტ "გორგია"-ს ზუგდიდის ფილიალი გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის".

"საზოგადოებს ვურჩევთ, აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, შესაბამისად, გვექნება მეტი სუფთა ადგილი", - დასძინა ორგანიზაციის თავმჯდომარე ედუარდ ფარცვანიამ.

ეკო-კამპანიაში მონაწილეობისთვის ესტაფეტა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებამ რუხის საჯარო სკოლასაც გადასცა. აქციის ფარგლებში,  სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი გამოიწვიეს.






ეკო-აქციის ორგანიზატორი საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაა. GLC-ის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალთან" ერთად რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მიზანი ახალგაზრდების საზოგადოებასთან ინტეგრირება და სამოქალაქო შეგნების ამაღლებაა.

ამავე თემაზე:

ეკო -აქცია რუხის ციხის ტერიტორიაზე (ვიდეო)
Print