რეგიონი
სოხუმი „საბაჰ აბხაზია“- ს გამოცემასთან დაკავშირებით თბილისის რეაქციით უკმაყოფილოა

აფხაზური მხარე ჟენევის მორიგ დისკუსიებზე გეგმავს თანათავმჯდომარეებს მიმართოს მოთხოვნით,

„ ობიექტური შეფასება მიეცეს თბილისის მიერ სოხუმის მიმართ გატარებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას და საერთაშორისო შუამავლების მხრიდან, მიღებულ იქნას ქართულ მხარეზე ზემოქმედების ზომები, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს“.

საქმე ეხება თურქული გამოცემა „საბაჰის“ მიერ აფხაზეთისადმი მიძღვნილი დანართის გამოქვეყნებას, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლოა, თურქეთში ქართული დიასპორის პროტესტი დამოიწვიოს. მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით, მაღალტირაჟიან გაზეთ ”საბაჰთან” ერთად რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგებულ დანართში, აფხაზეთზე საუბარია, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. გარდა ამისა, ელჩის თქმით, ფაქტის გამო „შეწუხებულია“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის, ინარ გიცბას ინფორმაციით, 10 ნოემბერს თურქეთში 36 ათასიანი ტირაჟით გამოცემულ 12 გვერდიან დანართში „აღწერილია აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ - პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება, ტურისტული სფერო, ქვეყანაში აფხაზური დიასპორის მოღვაწეობა“ და ეს არ შეიძლება იყოს ქართული მხარის მსგავსი რეაქციის მიზეზი. 




 

Print