რეგიონი
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ინფრასტრუქტურას მომავალი წლის ბიუჯეტის 28,6 % მოხმარდება. გათვალისწინებულია ფინანსები ახალი გზებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის, ასევე, პარკების, სკვერების, ტროტუარების, პარკინგის, გარე განათების, წყალანირების მოწყობისა და მოდერნიზაციისთვის.

"დისკუსია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. საკრებულოს წევრებს გვაქვს კარგი შესაძლებლობა, მივიღოთ და დავამუშავოთ მოქალაქეების ინიციატივები და რეკომენდაციების სახით წარვადგინოთ ზუგდიდის მერიაში"
, - განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია იღებს მოლაქეების შენიშვნებს, რომლებსაც 25 ნოემბერს მერიას გააცნობს.

"ბიუჯეტის საჯარო განხილვა არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ვისურვებდი, მეტი მოქალაქე ჩაერთოს ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვაში", - დასძინა წითლიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვები, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ეხებოდა შენობა - ნაგებობების ადაპტირებას, ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციას, სოციალურად დაუცველებისთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას.

ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციია 2017 წელს დაიწყება. გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ პროექტს მუნიციპალური ბიუჯეტი და სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია განახორციელებს.

რაც შეეხება ზუგდიდის თეატრს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მურთაზ ბოკუჩავას თქმით, თეატრის რეაბილიტაციას "ქართუ" ფონდი განახორციელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ფრაქციამ, სხვადასხვა თემასთან ერთად, მერთან უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფაც განიხილა და მისგან პირობა მიიღო, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება, სწორედ ისინი ისარგებლებენ.

სამოქალაქო აქტივისტმა ეგნატე შამუგიამ კითხვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსებაზე დასვა. მისი თქმით, ბიუჯეტში გაწერილია, რომ თანხა უნდა მოხმარდეს ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მშენებლობას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეპარქიამ თანხები საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დახარჯა, რაც, მისი თქმით, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას გულისხმობს. მურთაზ ბოკუჩავამ მას უპასუხა, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებაა დადებული.

ასევე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია კლუბ "ზუგდიდის" დაფინანსებაც.

მომავალი საჯარო განხილვა სოციალურ საკითხებს შეეხება.



Print