რეგიონი
წალენჯიხაში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება
წალენჯიხის სოფლებში ჯგალსა და მიქავაში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მიქავას საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი, ხოლო ჯგალის 45-ზე. მშენებლობა ორივე სოფელში მომავალ წელს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალი საბავშვო ბაღი გვქონდეს, გამართული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ინვენტარებით. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღებს ყურადღება არ ექცეოდა, ახლა კი ერთბაშად გვიწევს ყველა პრობლემის მოგვარება. ხდება, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა ასევე, რეაბილიტაცია. მე პირადად ვივლი ამ ობიექტებზე და გავაკონტროლებ მათ ხარისხს,“ - განაცხადა მან.

საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი იხარჯება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თელა“ აწარმოებს.

Print