რეგიონი
ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ (ვიდეო)
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) შეხვედრა. გაიმართა ანაკლიაში. მას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

გუშინ და დღეს ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრებზე დაინტერესებულ მხარეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების მიმდინარეობა გააცნეს და მათი შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინეს. კითხვები პროექტში ანაკლიელების ჩართულობას ეხებოდა.

"დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ დაველაპარკოთ მათ და გავიგოთ, რა აწუხებთ და ეს გავითვალისწინოთ", - განაცხადა "კონტინტერნეიშენალის" გარემოზე ზემოქმედების გეგმის გარემოს დაცვის მიმართულების პროექტის მენეჯერმა ჯულია ევანსმა.

ადგილობრივების თქმით, მათი მთავარი პრობლემა უკანონო მიწების დაბრუნების საკითხია და სანამ ეს არ მოგვარდება, სამუშაოებს არ დააწყებინებენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი ორგანოებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

"კარგია, რომ დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხები. აუცილებელია, რომ გათვალისწინებულ იყოს გარემოზე ზემოქმედების პირობები და უსაფრთხოება დაცული იყოს. მივესალმები ამ ფაქტს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ანაკლიელის სოციალური პირობებიც", - აღნიშნა ანაკლიის მკვიდრმა მარინა თოდუამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება.

პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.

Print