რეგიონი
ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა წყლისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილების თქმით, მეხუთე დღეა, წყალი არ აქვთ.

"ცენტრალური საკანალიზაციო მილი არის უხარისხოდ გაკეთებული. მთლიანად უნდა გამოგვიცვალონ საკანალიზაციო სისტემა", - აღნიშნა დევნილმა მაია კვიტატიანმა.

ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, კორპუსებს წყალი კანალიზაციის გაუმართაობის გამო არ მიეწოდება. ამ ეტამზე მათ კანალიზაციის გასაწმენად ახალი საქაჩი დაამონტაჟეს.
როგორც ისინი ამბობენ, დევნილებს უბრალოდ ეხმარებიან და ობიექტი კომპანიას არ ჩაუბარებია.

ჩასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს საკითხის დროებითი მოგვარებაა, რადგანაც საქაჩები ხშირად იწვება. ამასთან, მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი, რომელიც მათ მიეწოდებათ, სასმელად უვარგისია. დევნილებს წყალი მიმდებარე სკოლისა და ოჯახების ეზოებიდან მოაქვთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩასახლება წყალკანალის ბაზაზე გადავიდეს, რათა ყოველთვიურ რეჟიმში გაკონტროლდეს არსებული მდგომარეობა.
Print