რეგიონი
წინასაარჩევნო პლაკატები, ზუგდიდში, დღემდე არ ჩამოუხსნიათ
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან, თითქმის ორი თვე, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგის გამოცხადებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან 20 დღე გავიდა.

ზუგდიდის ქუჩებში კი პოლიტიკური სუბიექტების სააგიტაციო მასალის სიმრავლე კვლავ თვალსაჩინოა. მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატების პლაკატები ჯერაც გაკრულია.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გარკვეული სანქციები ეკისრება.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, საარჩევნო კოდექსში ზუსტი მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის პასუხიმგებლობაზეა საუბარი, არ არის.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. პოლიტიკური სუბიეექტების მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობა შეიძლება მივიჩნიოთ ქალაქის იერსახის დამახინჯებად", - განაცხადა რადიო "ათინათთან" ჭკადუამ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მისი თქმით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ პლაკატები უახლოეს მომავალში ჩამოიხსნება.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია დაიწყო, რომელიც მალე განახლდება. არასამუშაო დღეებში კი, შტაბის წევრები, პერმანენტულად ასუფთავებენ ქალაქს.

ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მამუკა ციმინტიას თქმით, მისმა სამსახურმა, კეთილი ნებით, უკვე დაიწყო ბოძებიდან სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა. ისინი ეცდებიან, ახალ წლამდე სრულად უზრუნველყონ ქალაქის გასუფთავება. 

Print