ახალი ამბები
PIN-მა ზუგდიდში მოქმედი ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა (ვიდეო)
ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) ზუგდიდში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის მორგებულ პროექტების დაფინანსებაზე გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობები გააცნო. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა.

PIN-ის ზუგდიდის საველე კოორდინატორის ანა ქოჩუას თქმით, კონკურსი პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ფარგლებში გამოცხადდა და მისი მიზანია მოწყვლადი კატეგორიის ჯგუფების დახმარება.

"საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, ააიპ-ებს და ზოგადად იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სოციალურ პროექტებს ახორციელებენ", - აღნიშნა ქოჩუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა PIN-ის მიერ ჩამოყალიბებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. ის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი, გორი) ხორციელდება.


Print