რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის სუსი: რადიკალური ძალები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცალკეული რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მომხრეები, ძალის გამოყენებით შეეცდებიან ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და აფხაზი ხალხის მიერ კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტის გადაყენებას.

ამავე განცხადებით, აღნიშნული განზრახვის რეალიზაციისთვის, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერები ცეცხლსასროლი იარაღის და ასაალებელი ნივთიერებების გამოყენებას გეგმავენ.

თავისი განცხადების მტიკიცებულებად, დე ფაქტო რესპუბლიკის სუსი, 2016 წლის 11 დეკემბერს, სოხუმში აღმოჩენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის სამარხს (8 ავტომატი АК-74, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-7) მიიჩნევს.

ამავე ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებმა შექმნეს საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შტურმს. გარდა ამისა, მათი თქმით, ისინი მოასახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოსყიდვას ცდილობენ. მათი თქმით, ოპოზიციური ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი გარე ძალების მიერ ფინანსდებიან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა მოუწოდებს ორგანიზატორებს, გადადონ სახალხო კრება.

15 დეკემბერს ოპოზიციური ძალების ბლოკი და მათი მომხრეები სოხუმში მიტინგს გეგმავენ, რომელზეც მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

Print