რეგიონი
საია-ს ზუგდიდის ოფისმა გამგეობის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა (ვიდეო)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთი სასარჩელო მოთხოვნა ეხება იმ ფაქტს, რომ საია-ს უარი ეთქვა ზუგდიდის გამგეობაში მიმდინარე ატესტაციის პროცესზე დაკვირვებაზე.

"მეორე ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის წარმომადგენლებისთვის მისულ გაფრთხილებას, რომელიც გულისხმობს მათი სამსახურიდან შესაძლო ათავისუფლებას", - განმარტა საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

საია რვა თემის წარმომადგენელს იცავს. რაც შეეხებათ თავად თანამშრომლებს, ისინი ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. მათივე თქმით, 2015 წელს ამავე საატესტაციო კომისიამ გადაწყვიტა, რომ აკმაყოფილებდნენ დასაკავებელი პოზიციისთვის შესაბამის მოთხოვნებს.

"ახლა იმავე კომისია გვეუბნება, არ შეესაბამებით დაკავებულ თანამდებობასო. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ მე ამ თანამდებობას ვერ შევინარჩუნებდი არჩევნებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო", - აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ ქვარაიამ.

"საატესტაციო კომისიის დასკვნა არის არა ცოდნით გამომჟღავნებული, არამედ პოლიტიკური დევნით, რადგან რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ", - თქვა გამგებლის წარმომადგენელმა აბასთუმანში ვახტანგ კუტალიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომელთა შიდა ატესტაცია ნოემბერში ჩატარდა.
Print