რეგიონი
ფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება შეძლო და მუშაობას 24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს.

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და პორტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

მათივე თქმიით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი ელოდებოდა, რომლის მიღებასაც პორტი დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ შეძლებს.

უწყების ცნობით, ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან 12685 კუბ.მ. გრუნტია ამოღებული და გადატანილი.

Print