რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: ქვეყნის დასავლეთ ნაწილს რუსეთი მოამარაგებს, აღმოსავლეთს - ენგურჰესი
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროს რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, „ქვეყანაში რთული სიტუაციაა“. მისი თქმით, წყლის და ელექტროენერგიის მოხმარების დონე წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო, მოძველებული ქსელები ასეთ დატვირთვას ვერ უძლებენ. ამასთან, „მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტარიფის მიუხედავად“, ადამიანები არ იხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

რაულ ხაჯიმბამ შესაბამის ორგანიზაციებს, დაწესებულებებს და მოსახლეობას „გადახდის დისციპლინის გაძლიერებისკენ“ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ენერგეტიკის სფეროში რუსეთთთან თანამშრომლობისა, ყველაზე დიდ პრობლემას, არა მთავარი მაგენერირებელი სადგური, არამედ, ქსელები წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად მწყობრიდან გამოდიან.

„ჩვენს ტრანსფორმატორებს დიდი ხანია გაუვიდათ ექსპლუატაციის ვადა. ყოველდღიურად ათობით ტრანსფორმატორის შესყიდვა გვიხდება, მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიის ხარისხიანად მიწოდება მაინც ვერ ხერხდება“, – თქვა ხაჯიმბამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის ენგურჰესზე რთული სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რასაც, მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება.

მისი თქმით, ახალი წლის დღეებში დატვირთვის მოსახსნელად, რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარკებები რათა გარკვეული ზომები იქნას მიღებული. ამ გეგმის თანახმად, „ქვეყნის დასავლეთ ნაწილს რუსეთი მოამარაგებს, აღმოსავლეთს - ენგურჰესი.''


Print