რეგიონი
სამეგრელოს გუბერნატორი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზებს, ახალი წელი მისი და ადმინისტრაციის სახელით მიულოცა. მან მილოცვაში ხაზი გაუსვა რამდენიმე სხვადასხვა სამსახურს, რომელიც ახალ წელს არ ისვენებს და მათ განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალი წელს. გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, 2017 წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი. მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, ჩვენ ისტორიულად ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ. ამ დღესასწაულებზე არის სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომლებიც არ ისვენებენ და ზრუნავენ მოქალაქეებზე. მათ შორის არიან სამართალდამცავები, რომლებსაც მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი, ისინი მუდმივად ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ ურთულესი შრომისთვის, რომელიც ყოლველდღიურად უწევთ. ჩემი და გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავ და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონში შემავალი პოლიციის სამმართველოს თანმაშრომლებს, რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე. დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, ექიმებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს - ადამიანებს, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზე კი დასვენების გარეშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!", - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.




Print