რეგიონი
ზუგდიდის საბავშვო ბაღებიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს
ზუგდიდის გამგეობის ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" 24 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. აქედან 6 უშუალოდ ცენტრის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა სოფლის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და აღმზრდელ-მასწავლებლები არიან.

ცენტრის დირექტორის ციცანა თოლორაიას განმარტებით, თანამშრომლები ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„აუდიტის სამსახურიდან რამდენჯერმე მქონდა შენიშვნა, მითითება, რომ თითოეულ თანამშრომელთან უნდა დამედო შრომითი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, საყვედური რომ არ მიმეღო, მათთან გავაფორმე ხელშეკრულებები... შემიძლია დავდო, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ კი ჩემი გადასაწყვეტია, ვის გავუგრძელებ და ვის არა... რაც შეეხებათ უშუალოდ ცენტრის თანამშრომლებს, აქ მოხდა შემცირება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თოლორაიამ.

"სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ სულ 450 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის, ბაღების ხელმძღვანელები, აღმზრდელ- მასწავლებლები და ძიძები.

Print