რეგიონი
საბავშვო ბაღის დირექტორი გათავისუფლების გამო თავის დაწვით იმუქრება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორი ირმა ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან, ბოლო 6 თვის მანძილზე, უკვე მეორედ გაათავისუფლეს. ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მისი მოხსნა ამჯერადაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„სასამართლოში ვიბრძოლე და აღმადგინეს თანამდებობაზე, ახლა ისევ მომხსნეს... ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რომ ჩემი სიმართლე ისევ დავამტკიცო. გამამწარეს, მავიწროებენ... თუ სამართალს ვერ ვიპოვი, პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართავ, თავს დავიწვავ“, - ამბობს ირმა ნაჭყებია.

ზუგდიდის გამგეობის ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" დირექტორი ციცანა თოლორაია თანამშრომლების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი შრომითი ხელშეკრულების ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს. თოლორაიას თქმით, გაუგრძელებს თუ არა ამა თუ იმ თანამშრომელს შრომით ხელშეკრულებას, მისი გადასაწყვეტია.

ცნობისთვის, სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის ირმა ნაჭყებიას გათავისუფლების საკითხი პირველად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ გაახმაურა. "ენმ"-ში ამტკიცებდნენ, რომ ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ მოხსნეს. მათივე ინფორმაციით, ნაჭყებიას მეუღლე ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მხარდამჭერია.

თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფდნენ გამგეობაში და აცხადებდნენ, რომ ნაცატუს ბაღის დირექტორი შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მღრნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს" ნაჭყებიას თანამდებობაზე აღდგენა და გაცდენილი საათების ანაზღაურება დააკისრა.

Print