რეგიონი
„ჩერნომორენერგო“: ენგურჰესის არსებული სიმძლავრეები აფხაზეთისთვის უკვე არასაკმარისია
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება რამდენჯერმე გაიზარდა, და ბუნებრვია, ის მოცულობა, რასაც ენგურჰესი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიმუშავებს, არასაკმარისია აფხაზეთის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა ასალნ ბასარიამ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“დგება წყალსაცავში წყლის დეფიციტის და ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების საკითხი, გვირაბში მონიტორინგის ჩატარებისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით. მაგრამ, აფხაზეთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ელექტროენერგიით. როგორ და რა ფორმატში მოხდება ეს, ქართველ და რუს ენერგეტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა“, - თქვა ბასარიამ.

ამ დროისათვის წყალსაცავში წყლის დონე 438 მეტრს შეადგენს, მაშინ როდესაც, ეს მაჩვენებელი 510 მეტრზე უნდა ფიქსირდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე 420 მეტრამდე დაიწევს, ენგურჰესის გაჩერება აუცილებელი გახდება, თქვა ბასარიამ.

ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ 12 იანვარს განცხადა, რომ „ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის არსებული მოცულობა 20 თებერვლამდე იქნება საკმარისი. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის იმპორტს არ განახორციელებს, ან მის მოხმარებას არ შეზღუდავს, აფხაზეთი, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს“.

ენგურჰესის ობიექტების ფუნქციონირების საკითხებს აფხაზური და ქართული მხარეები ერთობლივად და შეთანხმებულად ახორციელებენ. 1992 წელს მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო მოიხმარს, 40%-ს - აფხაზეთი.



Print