რეგიონი
სოხუმში სამი მოზარდის მოწამლვის ფაქტს იძიებენ
სოხუმში სამი მოზარდის მოწამლვის ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი გოჩა მაროხია დააკავეს. ამ უკანასკნელის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ფოლგის ქაღალდში, წარწერით „სპაის“, მოთავსებული ნივთიერება, რომელიც, კრიმინალისტების მტკიცებით, არის „მარიხუანა“. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ერთ - ერთმა მოზარდმა ქალაქ სოხუმში მცხოვრები მეორე არასრულწლოვანისგან მიიღო მოსაწევი ნივთიერებების ნარევი, სახელწოდებით “სპაის“, რომელიც მოგვიანებით მან ორ თანატოლთან ერთად მოიხმარა.

შედეგად, სამივე მოზარდი 2016 წლის 26 დეკემბერს, მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ დისპანსერში მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმის ი.ანუას განცხადებით, მოსწავლეების მდგომარეობა ადასტურებდა მათ მიერ ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტს. ამავე ცნობით, მანამდე, მსგავსი სიმპტომებით მოზარდების ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიყვანის ფაქტები არ დაფიქსირებულა. მოზარდებმა, შესაბამისი სამედიცინო დახმრების გაწევის შემდეგ, უფროსების თანხლებით დატოვეს სამდიცინო დაწესებულება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მოსაწევი „მიქსის“ გამყიდველები ამტკიცებენ, რომ ის სავსებით უვნებელია, რადგან, მათი თქმით, ნატურალური კომპონენტებისგან არის დამზადებული. თუმცა, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ, რომ „სპაისის“ შემადგენლობაში აღმოჩენილია ხელოვნური სინთეზური წარმოშობის კანაბოიდები, რომელთა ჰალუცინაციური ზემოქმედება ხუთჯერ აღემატება მათ ნატულარულ ანალოგს.

სოხუმის პროკუტურა განაგრძობს აღნიშნული ფაქტის გამოძიებას.

Print