რეგიონი
ტობას ტბის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ტობას განვითარების კონცეფცია საქართველოს სპელეოკავშირის წევრმა და ცნობილმა ფოტოგრაფმა რომან თოლორდავამ წარმოადგინა.

განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს: დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, კალაშიშ ტობა, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი, ასევე შესაძლებელია დაემატოს 2 ტობა. ტურისტული მარშუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და კონცეფციის მიხედვით, ტობას მიმართულებით გზებისა და საბაგიროს მოწყობა იგეგმება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ტობას განვითარების გეგმა მიზნად ისახავს, რომ ტბა გახდეს ხელმისაწყდომი ყველასთვის: „ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის, ტობას მიმართულებით გაიზრდება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. ჩვენი რეგიონის ეს ულამაზესი მხარე ტურისტებისთვის რთულად ხელმისაწვდომია, ინფრასტრუქტურა კი განუვითარებელი. გასაყვანია გზები და საბაგირო, ამ პროექტის განხორციელებისთის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მომგებიანი ტურისტული მარშუტია“.

განვითრების გეგმაში ასევე შედის მდინარე გვალაშარასა და მის კანიონში სამოყვარულო კანიონინგის განვითარება, ასევე ეთნოგრაფიული ტურიზმის. ამ მიმართულებისთვის შერჩეულია ნათიფურუს, ლანჯერის, ოხოჯეს, გვამარდას და კალაშარას მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები.

Print