რეგიონი
პროექტის "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია ფოცხოსა და ეკში
ასოციაცია ,,ათინათის“ ორგანიზებით, 18 და 20 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოცხოსა და ეკში- შეხვედრები გაიმართა. მონაწილეებმა მოსახლეობას პროექტი - ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ გააცნეს.

ადგილობრივებმა ინფორმაცია პეტიციის, როგორც თვითმართველობასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ, მიიღეს. პეტიციის ფარგლებში, ადგილობრივ თემში არსებულ პრობლემებს იკვლევენ და პეტიციის სახით მისი თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგენენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ განიხილა თავიანთ მუნიციპალიტეტში და თემში არსებული პრობლემები და პრიორიტეტების მიხედვით ჩამოაყალიბა ისინი. აღნიშნული თემებისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: შიდა საუბნო ხიდის შეკეთება და დამბების გამაგრება, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა და გარეგანათების დამონტაჟება, გზისპირა სანიაღვრე არხების აღდგენა, სასმელი წყლის მოსახლეობისთვის მიწოდების მიზნით ჭაბურღილების გათხრა და წყალგაყვანილობის მილების დაქსელვა, სპორტული მოედნების კეთილმოწყობა და შემოღობვა. შეხვედრებზე შეირჩნენ ლიდერები, რომლებიც პეტიციისთვის ხელმოწერებს შეაგროვებენ და მას საკრებულოში წარადგენენ.

პროექტი „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის 20 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მას არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „დემოკრატიის ინსტიტუტი,“ ასოციაციის “ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ახორციელებენ.
Print