გალის შერეულ შეხვედრაზე სამი საკითხი განიხილეს (ვიდეო)
17:50 / 24.01.2017
ოკუპირებულ გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმების ფარგლებში შექმნილი ჯგუფების რიგით მეშვიდე
შეხვედრა
დასრულდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო
ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის
ინფორმაციით, შეხვედრაზე, ძირითადად, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ
საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ-კანჯი ოღლის
ქართული მხარისთვის უპირობო გადაცემის საკითხი განიხილეს.
მისივე თქმით, ასევე იმსჯელეს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო
ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებზე და აფხაზეთ-სამეგრელოს
ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ორი საკონტროლო
გამშვები პუნქტის შესაძლო დახურვაზე.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაბაკევისა და ოტობაიის ე.წ.
საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება გასულ წელს
მიიღო.
"ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი პოზიცია
არის ის, რომ უკიდურესად გაართულდება და შეიზღუდება ადგილობრივებისთვს
გადაადგილება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის
დახმარებითა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მუშაობით ეს საკითხი
გადაიხედება", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით,
15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდა. აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში
ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის დე- ფაქტო
სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები