რეგიონი
თემურ ნადარაია: გადასასვლელების გაუქმება მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა იყო
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ნაბაკევში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებების 90 %, რომელიც მდინარე ენგურზე არსებულ მდგომარეობას ეხება, შესრულებულია. ყველა გადასასვლელის დაკეტვის შესახებ მოთხოვნა მოქალაქეების უმრავლესობისგან მოდიოდა.“

მან აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ დანაპირების შესასრულებლად 2 წელი და 4 თვე დასჭირდა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ გალელებს, ენგურის ხიდამდე გარემონტებული გზით კომფორტულად ემგზავრათ, 153 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

„ამ მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დაინიშნა. ამასთან ერთად, გაიზარდა ენგურის ხიდის საკონტროლო - გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა. ასე რომ, ძირითადად, უკმაყოფილონი ისინი არიან, ვისაც კონტრაბანდა გადაჰქონდა ან არალეგალურ ბიზნესს აწარმოებდა“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის 200-მდე მცხოვრებმა გუშინ მიტინგი გამართა, რომელზეც ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტა.
უფრო ადრე, გასული წლის დეკემბერში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელების გაუქმება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.


Print