რეგიონი
ჩხოროწყუს გამგებელი: ნაკიანსა და ლეწურწუმეში ავტომობილით მოძრაობა სახიფათოა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაკიანისა და ლეწურწუმეს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. გამგებლის დათო გოგუას ინფორმაციით, გზები თოვლის საფარისგან გაწმენდილია, თუმცა ვითარებას ლიპყინული ართულებს. მისივე თქმით, აღნიშნულ გზებზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება სახიფათოა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობაა რეკომენდებული.

"მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ თავი შეიკავონ გაადადგილებისგან. ამ სოფლების რთულ მონაკვეთებზე ტექნიკური მარილის დაყრას, დაახლოებით, ერთ საათში დავიწყებთ", - უთხრა რადიო "ათინათს" დათო გოგუამ.

ამასთან, სოფელ ნაკიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგებლის ცნობით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება უახლოეს საათებში უნდა აღუდგეს.

დიდთოვლობის გამო, გამგეობის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება აქვს, ცხელი ხაზის მეშვეობით, გამგებელ დათო გოგუას ( ტელ: 599 85 65 77) დაუკავშირდნენ.

Print