რეგიონი
გალის რაიონში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განყოფილებების უფროსებთან თათბირი გამართა, რომელზეც გზებზე არსებული სიტუაცია და სოფლების ელექტრომომარაგება განიხილა.

გზების დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა აიდამირ ბერსიროვმა აღნიშნა, რომ რაიონის გზები თოვლის საფარისგან გრეიდერის ტიპის ტრაქტორით გაწმინდეს. გასუფთავებულია ცენტრალური ტრასა მდინარე ენგურამდე, ასევე, სოფლების: მეორე ოტობაიას და ნაბაკევის გზები.

ამასთან, “ჩერნომორენერგოს“ გალის განყოფილების წარმომადგენლის ნიაზ ჯერგენიას განცხადებით, სოფელ ჭუბურხინჯში აღდგენილია დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის სამუშაოები სოფლებში, რეფსა და თაგილონში მიმდინარეობს.

თათბირზე ასევე ითქვა, რომ დასრულებულია ქალაქის საკანალიზაციო სისტემის აღდგენა-შეკეთება. ამასთან, ნადარაიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაგავმზიდი მანქანების შესაძენად 700 ათასი რუბლი გამოიყო.

Print