რეგიონი
აქციის მონაწილე მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ (ვიდეო)
მონადირეები, რომლებიც ბუფერულ ზონაში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ითხოვენ, გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს და გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდნენ.

,,ისინი ითხოვენ დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნადირობას. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ კანონის მკაცრი მოთხოვნები. შევთავაზეთ ალტერნატივა, მოვუწყოთ სანადირო მეურნეობა იქ, სადაც კანონით არ იქნება აკრძალული,’’- განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან საკმაოდ დაძაბული საუბრის მიუხედავად, მონადირეების ნაწილთან შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, სამეგრელოს ტერიტორიაზე 1-2 წელში სანადირო მეურნეობა მოეწყობა.

თავის მხრივ, მონადირები მზად არიან მეურნეობის შექმნას დაელოდონ და კანონი არ დაარღვიონ.

საქართველოს კანონმდებლობით ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და ამ ზონის გარშემო 500 მეტრში აკრძალულია.

Print