რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეები ზუგდიდის გამგეობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ, სხვა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად, ბრიფინგი გამართა. ისინი სამსახურიდან მათ გათავისუფლებას უკანონობას უწოდებენ და საატესტაციო კომისიას სხდომის ოქმების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ღურწკაიას განმარტებით, სხდომის ოქმზე იმ პირის ხელმოწერაა, რომელიც, მათივე თქმით, სხდომაზე არ უნახავთ. გარდა ამისა,
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა გვერდს უვლის კონკურსის ორ ეტაპს - დოკუმენტების გადამუშავებასა და ტესტირებას  და თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებს მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ნიშნავს.

„ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მათ მოჰყავთ თავიანთი ნათესავები ჩვენს თანამდებობებზე და მოჰყავთ ის ადამიანები, ვინც ჰყავდათ მათ პარტიაში დასაქმებული“
, - განმარტა ღურწკაიამ.

გამგებლის მოადგილემ და საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი იძლევა საშუალებას, ადამიანები გასაუბრების საფუძველზე დაინიშნოს. მისი თქმით, ამით ხარჯებიც შემცირდა.

„ერთადერთი კრიტერიუმი სამსახურში აყვანის იყო პროფესიული და პიროვნული თვისებები
... არანაირი ნეპოტიზმი და პოლიტიკური საფუძველი აქ არ ყოფილა. რაც შეეხება ოქმების გაყალბებას, არსებობს რეგისტრაციის ფურცელი, რომელზეც ყველა წევრს ხელი აქვს მოწერილი“, - აღნიშნა წოწერიამ.

ცნობისთვის, გამგეობიდან 28 თანამშრომელი, ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს. მათ საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს. ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს საია იცავს. ორგანიზაციის იურისტის მირზა მამულაძის ცნობით, გამგეობამ ზემო აღნიშნული გასაუბრების (სხდომა) აუდიო ჩანაწერი ვერ წარმოადგინა, რადგან, მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული ორგანო აუდიო ჩაწერას არ ახორციელებდა, რამაც სხდომის გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

Print