რეგიონი
ზუგდიდში კიბოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)
კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ქსენონმა“ საინფორმაციო კამპანია გამართა. ის მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას, რათა საზოგადოებამ კიბოს ადრეულ პრევენციასა და საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ უფრო მეტი გაიგოს. ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველოში უფასო სკრინინგ ცენტრები 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონიდან გამომდინარე, მომართვიანობა ნაკლებია.

საქართველოში მოქმედებს ოთხი უფასო სკრინინგ პროგრამა. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის. ორი სკრინიგ პროგრამა, რომელშიც 50-60 წლის მამაკაცებს შეუძლიათ მონაწილეობა. ეს არის პროსტატასა და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

ამ დღესთან დაკავშირებით ასოციაციამ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, რომლებშიც მოცემულია იმ სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა. ასევე დაიდგა მემოგრამის აპარატი, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეებს შეეძლოთ, სასურველი სლოგანით ფოტო გადაეღოთ.

საინფორმაციო კამპანია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


Print