რეგიონი
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დეპუტატ მერაბ ქვარაიას დახმარებას ითხოვენ
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები, რომლებიც მეთორმეტე დღეა შიმშილობენ, ქალაქ ზუგდიდის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მისვლას და მათი პრობლემების ადგილზე გაცნობას ითხოვენ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელი და ოპოზიციური პარტიის დეპუტატები იყვნენ, მაგრამ მმართველი პარტიის დეპუტატი, ვისაც ხმა მივეცით და ვენდეთ, არ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით და არ მოსულა,""- ამბობენ დევნილები.

თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ დევნილებთან შეხვედრა ქალაქში არყოფნის გამო ვერ შეძლო, თუმცა მას დევნილებთან სატელეფონო კავშირი სისტემეტურად აქვს.

"იციან, რომ არ ვარ ქალაქში, ტელეფონით მელაპარაკებიან, საქმის კურსში ვარ, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. ჩემი შესაძლებლობა ის არის, რომ მათ საქმეების ხელახლა გადამოწმების საკითხზე სამინისტროსთან შუამდგომლობა გავუწიო"-, განუცხადა რადიო "ათინათს" მერაბ ქვარაიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს, სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, 40-მდე არასრულწლოვანი. ამ ოჯახების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოს შენობაში, ათეულობით წელია ცხოვრობს.

Print