რეგიონი
კიბოს ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა - მრგვალი მაგიდა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ მრგვალი მაგიდა გამართა. მისი მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს ადრეული პრევენციისა და ხარისხიანი მკურნალობის ხელშეწყობისთვის პროფესიული თემის, პაციენტთა თემის, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2011 წლიდან მოქმედი კიბოს უფასო სკრინინგ და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე აქტუალური სიმსივნური დაავადებების მიხედვით გაზრდილია.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, არსებული ვითარების ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონეა, რაც, თავის მხრივ, სკრინინგ ცენტრებში დაბალი მიმართვიანობისა და ონკო დაავადებების დაგვიანებული გამოვლენის წინაპირობაა.

„მიუხედავად იმისა, ჩვენ ვმუშაობდით ამ კუთხით და ზუგდიდის რაიონის ყველა სოფელი მოცული იყო, ყველას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არის სკრინინგ-პროგრამა, ადამიანები ძნელად მომართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ შეუძლიათ მიიღონ სკრინინგ-პროგრამით გათვალისიწნებული მომსახურება“, - განმარტა სამეგრელო-ზემო სვანეთის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა ნონა ფიფიამ.

მისივე თქმით, პაციენტები აფხაზეთიდანაც დადიან, თუმცა, აქაურ ექიმებს, ე.წ. საზღვრის გადალახვის პრობლემა აქვთ.

მრგვალი მაგიდა „ქსენონმა“ „ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის“ კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის „მე შემიძლია, ჩვენ შეგვიძლია“ ფარგლებში გამართა.

Print