რეგიონი
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა (ვიდეო)
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა.

,,აბსოლუტურად გასაგებია ამ ადამიანების გულის ტკივილი, მათი მდგომარეობა არის მძიმე, საცხოვრებელი პირობები საკმაოდ რთულია. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ, სავარაუდოდ, ეს იქნება ხელახლა გადამოწმების მექანიზმი. იგივე არის სამინისტროს პოზიციაც. გაკეთდება ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშანები და უსამართლობის განცდა",- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, რომ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის დაპირების შესრულებას დღის ბოლომდე დაელოდებიან. მათი თქმით, დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტენ.

„ჩვენ ვითხოვდით ქულების გადამოწმებას და სამინისტროდან ვინმეს მოსვლას, რასაც ისინი დღესაც არ გამოეხმაურნენ. მოვიდა ბატონი მერაბ ქვარაია, შეგვპირდა, რომ მოვა კომისია ", - აღნიშნა ტარიელ ქობალიამ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ადამიანი, ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.


Print