რეგიონი
ზუგდიდში შიმშილობის დაწყებით კიდევ ერთი დევნილი იმუქრება (ვიდეო)

აფხაზეთიდან დევნილი შშმ პირი ბადრი ზაქარაია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. მისი თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად,

ამ დრომდე ის მძიმე პირობებში ცხოვრობს. ზაქარაიამ ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს წევრ ანა წითლიძესთან ერთად, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მიუხედავად ამისა, 8,5 ქულა მოგვივიდა. 10 დღის წინ ველაპარაკე მანუჩარ ჩილაჩავას, დამპირდა, რომ მოვიდოდა კომისია, მაგრამ არ ჩანან. თუ უახლოეს მომავალში არ მოვლენ და არ გადაამოწმებენ, სად მიწევს ცხოვრება, იძულებული ვარ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობს მივმართო ", - აღნიშნა მან.

საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრი ანა წითლიძე შესაბამისი უწყებებისგან ზაქარაიების ოჯახისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვს.

"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ევალება ქულების გადამოწმება, რომ დაინტერესდნენ ამ მოქალაქის პრობლემით, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ამ პროცესებს, რადგან ის ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდებათ ბინები, ვერ იღებენ ", - განაცხადა წითლიძემ.

დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ ის ზაქარაიების ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობს და აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი პირობების გადამოწმება კონკურსის წესის შესაბამისად მოხდება.

"სახელმწიფო უკვე რამდენიმე თვეა, ბინის ქირას უხდის მათ. ვიცი, რომ მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ, თუმცა, როცა, კომისია 8,5 ქულიანების შემოწმებას დაიწყებს, ზაქარაიების ოჯახშიც მივა", - განმარტა ჩილაჩავამ.

ცნობისთვის, ზაქარაიების გარდა, მინიჭებულ ქულებს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები, ორი კვირაა, აპროტესტებენ და შიმშილობენ. ისინი კომისიის ხელახლა მისვლას და საცხოვრებელი პირობების გადამოწმებას ითხოვენ.

 


 


 

Print