რეგიონი
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა (ვიდეო)
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილთაგან ერთ-ერთმა ტარიელ ქობალიამ, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა. ქობალიას თქმით, მას დღეს დევნილთა სამმართველოს შენობასთან თავის დაწვა ჰქონდა განზრახული თუმცა, დეკანოზთან საუბრის შემდეგ, გადაიფიქრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში, სხვა მოშიმშილე დევნილებთან ერთად, რჩება.

„თავის დაწვა გადავიფიქრე, თუმცა ორშაბათს, თუ ბატონი მერაბ ქვარაიას დანაპირები არ შესრულდება და კომისია არ მოვა, ჩვენ შიმშილობას გავაგრძელებთ“,- აღნიშნა ტარიელ ქობალიამ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქალაქის მაჟორიტარი დეპუატატი მერაბ ქვარაია დაჰპირდა, რომ კომისია მათთვის მინიჭებულ ქულებს ორშაბათს გადაამოწმებს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
Print