რეგიონი
ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეები დაკითხეს
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე ბრალდებულ კაკო ტიბუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელზეც მოწმის სახით საარჩევნო კომისიის ორი წევრი დაკითხეს. ბრალდების ორივე მოწმემ კაკო ტიბუას მიერ საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტში მონაწილეობა უარყო და აღნიშნა, რომ დღეს მას პირველად ხედავს.

მოწმეების განმარტებით, მას შემდეგ, რაც 10-12 მამაკაცი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, მათ უბნის ტერიტორია დატოვეს. ამ დროის განმავლობაში კი, ადგილზე სამართალდამცავები არ შეუნიშნავთ.

შემდეგი სხდომა მოსამართლე შოთა ბიჭიამ 22 მარტს ჩანიშნა.

ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.


Print