ახალი ამბები
სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის პროექტირება იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ორ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – "კოქსს" შორის ორი ხელშეკრულება გაფორმდა,

რომელსაც ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გერმანული საპროექტო კომპანია "კოქსის" წარმომადგენელმა კარსტენ გარისემ მოაწერეს.

ერთ-ერთი ხელშეკრულება სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) 90 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტების მომზადებას ითვალისწინებს. ამისთვის კი 9 თვეა განსაზღვრული. სამუშაოების ღირებულება 1 349 743 აშშ. დოლარსა და 2 064 410 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიმართულების პროექტირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა.

მეორე ხელშეკრულების ფარგლებში კი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის სხვადასხვა დოკუმენტაცია და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს.

აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.

 

 

Print