რეგიონი
გიორგი ლუკავას ცოლი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი ლალი ბასარია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. მან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს თხოვნით მიმართა, დადგინდეს მისი ქმრის ზუსტი ადგილსამყოფელი და ასევე, დაისვას მისი ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი.

გალის შერეული შეხვედრიდან დაბრუნებული ქართული დელეგაციის წევრებს ლალი ბასარია ენგურის ხიდთან ელოდა. ქემოკლიძეს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისევ დაადასტურეს, რომ გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი ლუკავას ცოლის განცხადებით, ის არ ენდობა ამ ინფორმაციას და ხვალიდან საპროტესტო აქციის განახლებას გეგმავს.

,,მე პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავ. ხვალ ისევ დავჯდები პრემიერის კანცელარიაში და მანამდე არ გამოვალ, სანამ ჩემს მეუღლეზე ზუსტი ინფორმაცია არ მექნება და არ იქნება გადმოყვანილი’’,- ამბობს ის.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
Print